თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი იქნება თანამედროვე ხელოვნების ხელშემწყობი - გრძელვადიანი, სტაბილური ინსტიტუცია“ - ლიკა ჭკუასელი

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი იქნება თანამედროვე ხელოვნების ხელშემწყობი - გრძელვადიანი, სტაბილური ინსტიტუცია“ - ლიკა ჭკუასელი

„თანამედროვე ხელოვნების ახალი ინსტიტუციის - "თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის" შექმნა იყო იდეა, რომელიც გამიჩნდა დიდი ხნის წინ, როცა ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ნიუ-იორკში.  ახალი ფონდის მოდელი ავაგე დასავლური სახელოვნებო ორგანიზაციების მოდელზე. მივიტანეთ იდეა ქალაქის მერამდე, რომელიც დაინტერესდა. შემდეგ ყველაფერი გავიარეთ მერის მოადგილესთან. იდეის დამუშავების და ჩვენს რეალობაზე მორგების შემდეგ, მათ შექმნეს მერიის აიპი და გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ეს ინსტიტუცია, რომელიც სტაბილურად, გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ხელოვანების ხელშემწყობი ორგანიზაცია“, - ამის შესახებ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორმა ლიკა ჭკუასელმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „ბრენდი საქართველო“-ში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ თანამედროვე ხელოვანებმა განვითარება შეძლონ, საჭიროა სახელმწიფო დაფინანსება, ხოლო იმისთვის, რომ თანამედროვე ხელოვნება ფართო აუდიტორიამდე მივიდეს და მათი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს - ის საჯარო სივრცეში უნდა იყოს წარმოდგენილი.

„მოვიფიქრეთ ფორმა, რომლითაც შეგვიძლია ხელოვნება ადამიანებთან მივიტანოთ. ეს შეიძლება გავაკეთოთ იმით, რომ თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები ვაჩვენოთ საჯარო სივრცეებში, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდებიან ჩვენი ქალაქის მცხოვრებლები თუ სტუმრები. მერიასთან შეთანხმებით ვარჩევთ კონკრეტულ სივრცეებს, ვაცხადებთ კონკურსს და რადგან ეს ხდება სახელმწიფო დაფინანსებით, არის მაქსიმალურად დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესი, ნამუშევრები შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომლის მიხედვითაც 6 ადამიანისგან შემდგარი ჟიური არჩევს გამარჯვებულ პროექტს“ , - აღნიშნა ლიკა ჭკუასელმა.

როგორც მან განმარტა, ფონდი უკვე ფუნქციონირებს და წელს უკვე გამოცხადდა 4 კონკურსი, რომელთაგან 2 უკვე დასრულდა და გამარჯვებულები ცნობილია. მიმდინარე წელსვე შესაძლოა გამოცხადდეს კიდევ დამატებითი კონკურსები. პირველი ნამუშევარი ივლისის ბოლოს მეტრო „სამასი არაგველის“ მთავარ შესასვლელში გამოიფინება. ეს იქნება ცნობილი ფოტოგრაფი, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის ნამუშევარი.

ლიკა ჭკუასელის განცხადებით, ფონდის მეშვეობით არტისტებს მიეცემათ საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალება კიდევ უფრო მასშტაბურად.

„მომდევნო პროექტი იქნება სექტემბერში ავლაბრის მოედანზე, რომლის კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ჩაშვებულია, გლდანის და მუხიანის კვეთაზე, გობრონიძის ქუჩის 1-ელ ნომერში სამანქანო გზებს შორის პატარა გამწვანებულ კუნძულზე , სადაც განთავსდება ნამუშევარი. ხოლო წლის ბოლომდე გიორგი ხანიაშვილის შექმნილი ქანდაკება დაიდგმება ზაარბრიუკენის მოედანზე.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პროექტის პარალელურად ფონდი წარმოგიდგენთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და საჯარო პროგრამას ყველა ასაკის ადამიანისთვის.

ახლო მომავალში იგეგმება დროთა განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსებული ნამუშევრებისთვის ქანდაკებების პარკის შექმნა სადაც დაინტერესებული ადამიანებისთვის შესაძლებელი იქნება მუდმივი ექსპოზიციის ხილვა. ეს იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ,“ განაცხადა ჭკუასელმა.

Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.